უკმაყოფილო ზარები შემოვიდა ვარკეთილში გარემოვაჭრეებზე. მიეცით ვადა, გადავიდნენ სპეცსივრცეებში - კალაძე

პუბლიკა

„ძალიან ბევრი ზარი, ბევრი შეტყობინება შემოვიდა ამასთან დაკავშირებით. ეს ეხება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც პრობლემას წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთათვის. კერძოდ, თემა ეხება გარემოვაჭრეებს, რომლებსაც დაკავებული აქვთ, ძირითადად, ტროტუარები და ფეხით გადაადგილება გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გარემოვაჭრეების თემაზე საუბრისას, მერმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ამასთან დაკავშირებით ბევრი ზარია შემოსული და მინდა ამ პრობლემის მოგვარება“.

„მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები. მინდა, დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გარევაჭრობით არის დაკავებული, ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, გადაინაცვლონ შესაბამისი მიზნით გამოყოფილ სივრცეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაავალა. კერძოდ, ტროტუარების, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და სათანადო გამწვანების სამუშაოები.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი შემოვიდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება წარმოადგენს პრობლემას. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან. მიეცით მათ გონივრული ვადა. დავეხმაროთ ყველანაირად კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რომ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.