უკრაინა ადასტურებს დარტყმას ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

პუბლიკა

უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ღამით იერიში მიიტანეს რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სპეცოპერაციების ძალების წინასწარი მონაცემებით, ქარხნის მუშაობა შეჩერებულია.

უწყების პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს ქარხანა ჩართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

„ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საწვავისა და საპოხი მასალების უდიდესი მწარმოებელია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ფედერალურ ოლქში. მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე 15,7 მილიონი ტონაა, რაც რუსეთში ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის 5,6%-ს შეადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა დილით განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღამით მასშტაბური დრონების თავდასხმა მოიგერია ამ რეგიონში. ამ პოსტში ნახსენები არ იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, თუმცა საუბარი იყო ერთ-ერთ რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნაზე, რამაც ორი კერძო სახლი დააზიანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვოლგოგრადის ოლქს 11 დრონით დაესხნენ თავს.