უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 29 ივნისის ღამეს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე მასშტაბური” საჰაერო იერიში განახორციელა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა საერთო ჯამში 537 საჰაერო იარაღი გაუშვა უკრაინისკენ, მათ შორის 477 დრონი და 60 რაკეტა. კიევის ცნობით, აქედან 249 ჩამოაგდეს, ხოლო 226 დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ გასული ღამის შეტევა იყო „ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა“ უკრაინის წინააღმდეგ, თუ გავითვალისწინებთ როგორც დრონების, ისე სხვადასხვა ტიპის რაკეტების რაოდენობას. მისი ინფორმაციით, შეტევა რამდენიმე რეგიონს მოიცავდა, მათ შორის დასავლეთ უკრაინასაც, რომელიც ფრონტის ხაზიდან საკმაოდ დაშორებულია.
პოლონეთის საჰაერო ძალების ინფორმაციით, პოლონეთმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით, საბრძოლო თვითმფრინავები განალაგეს.
ხერსონის ოლქის გუბერნატორის თქმით, ერთ-ერთი შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ჩერკასის ოლქში დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.