უკრაინა და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს შეუერთდეს - არახამია

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე აქციაზე – „შინ ევროპისკენ” შეკრებილ ხალხს უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ მიმართა. ვიდეომიმართვას „სირცხვილია” ავრცელებს:

„საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი სწორედ რომ ევროპაშია. სწორედ ევროპისთვის და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც! უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.

ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. სხვათა შორის მისი ოჯახის წევრების უმეტესობა, ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.

ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ.

დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს”, – ამბობს არახამია ვიდეომიმართვაში.