უკრაინა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს.
უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა:
„ვაშენებთ უკრაინას, რომელიც იქნება საკმარისად ძლიერი, რომ იცხოვროს უსაფრთხოებასა და მშვიდობაში. რათა აქ, დამოუკიდებლობის მოედანზე, ჩვენმა შვილებმა იზეიმონ დამოუკიდებლობის დღე. მშვიდობაში. სიმშვიდეში. მომავლის რწმენით. პატივისცემით და მადლიერებით ყველას მიმართ, ვინც დაიცვა უკრაინა ამ დამოუკიდებლობისთვის ომში. მათ მიმართ, ვინც გაუძლო, გაუმკლავდა, ვინც გამარჯვება მოიპოვა.
ასეთი მიზნებია, რის გამოც ცხოვრება ღირს და ესაა, რისთვისაც ვდგავართ. დღესასწაულს გილოცავთ, დიდებულო ხალხო და დიდებულო ქვეყანა! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! დიდება უკრაინას!“, – ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვაში.
კიევში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ზელენსკიმ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ჯილდოები გადასცა.
უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, შვეიცარიის, დანიის, რუმინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლები.
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ მსოფლიო ლიდერები.
დონალდ ტრამპი:
„ამერიკელი ხალხის სახელით გიგზავნით მილოცვას და თბილ სურვილებს თქვენ და უკრაინის მამაც ხალხს.
უკრაინელ ხალხს გაუტეხელი სული აქვს და თქვენი ქვეყნის გამბედაობა ბევრისთვის შთაგონების წყაროა. ამ მნიშვნელოვან დღეს, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის.
ახლა არის მომენტი, რომ დასრულდეს უაზრო მკვლელობა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც გამოიწვევს ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას, დაასრულებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას“
„ვოლ სტრიტ ჟურნალის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის მოქმედების გაფართოებული რადიუსის 3350 რაკეტის (ERAM) მიყიდვას.
კირ სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერი:
„უკრაინის გვერდით ვდგავართ დღეს და ყოველთვის. დიდება უკრაინას“
ანტონიო კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:
„ვულოცავ ყველა უკრაინელს დამოუკიდებლობის დღეს! თქვენი სიმამაცე და მშვიდობის იმედი ყველას შთაგვაგონებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. ჩვენი მომავალი საერთოა ევროკავშირში. დიდება უკრაინას!“
ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი:
„თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინა – ამისთვის ვიბრძვით, ამისთვისაა ჩვენი ყველა ძალისხმევა“.
ფრიდრიხ მერცი, გერმანიის კანცლერი:
„უკრაინელები თავის თავს დიდი სიმამაცით იცავენ რუსული თავდასხმისგან. ისინი იბრძვიან ჩვენი გზისთვის, რომელიც დაფუძნებულია ევროპაში მშვიდობასა და თავისუფლებაზე. დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ მყარად ვდგავართ მათ გვერდით – დღეს და მომავალში“.
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი:
„უკრაინის დამოუკიდებლობის ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამბედაობას, რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34 წლის შემდეგ აგრძელებენ ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მათი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“.
გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი:
„ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელები, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
უკვე ოთხი წელია, იბრძვით შესაძლებლობისთვის, რომ თავისუფლად იცხოვროთ თქვენს ქვეყანაში. ყოველ დღე მოსკოვის სასტიკი ჯარების შეჩერებით, თქვენ მსოფლიოს აჩვენებთ წარმოუდგენელ მაგალითს სიმამაცისა და მიზანდასახულობის.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რთული იქნება, გახსოვდეთ, ლიეტუვა თქვენს გვერდით იქნება“.
ულფ კრისტერსონი, შვედეთის პრემიერი:
„რუსეთის თავდასხმები უკრაინაში დაუსრულებელ ტანჯვას იწვევს. რუსეთის ეკონომიკა სავალალო დღეშია, მაგრამ ნავთობის ექსპორტი და ჩრდილოვანი ფლოტი რუსეთს ომის გასაგრძელებლად საჭირო შემოსავალს აძლევს.
უკრაინა თავს იცავს შთამბეჭდავი შესაძლებლობებით და თითქმის მთელი ევროპის მხარდაჭერით.
როდესაც უკრაინა წარმატებით უტევს რუსეთის ნავთობსადენებს, უნგრეთის პრემიერი ამას ასე პასუხობს: „უკრაინას უნდა, ომში ჩაგვითრიოს“.
1956 წელს ჩვენ ვიდექით უნგრეთის გვერდით, როცა ისინი რუსული და საბჭოთა ჩაგვრისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ. 2004 წელსაც ვიდექით უნგრეთის გვერდით, როცა მათ ევროკავშირში გაწევრება სურდათ.
ამისთვის უნგრეთი მადლიერებას ასე გამოხატავს, რომ ერთიანდება რუსეთთან, სანამ ევროპული დემოკრატია სიცოცხლისთვის იბრძვის. უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარესაა“.
კარინ კელერ-შუტერი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი:
„შეძრული ვარ უკრაინელი ხალხის გამძლეობითა და გაუტეხელი სულით. შვეიცარია აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ძლიერი საშუალებებით დაგმობას. ჩვენ მყარად ვდგავართ თქვენი ქვეყნის გვერდით სამართლიანობისა და მშვიდობის ძიებაში.
შვეიცარია მზადაა, შესთავაზოს თავისი კარგი ოფისები და გამოცდილება, მოთხოვნის შემთხვევაში და რჩება ერთგული, ომში დაზარალებული უკრაინელების“.
ჩარლზ III, გაერთიანებული სამეფოს მეფე:
„მე და ჩემი ცოლი გილოცავთ თქვენ და უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს.
უდიდეს და ღრმა აღტასებას ვგრძნობ უკრაინელი ხალხის გაუტეხელი სიმამაცისა და სულის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნები იმუშავებენ და მიაღწევენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში“
ალექსანდრ ლუკაშენკა, ბელორუსის პრეზიდენტი:
„ვუსურვებ უკრაინას მშვიდობიან ცასა და ნამდვილ დამოუკიდებელ განვითარებას.
გარე ძალების ჩარევის მიუხედავად, ბელარუსი მომავალშიც რჩება ღია უკრაინელებისთვის. გვაქვს განწყობა ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისა და ჩვენს სამხრეთ მეზობლებთან კონსტრუქციული დიალოგის“.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი:
„ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო,
თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის შემდეგ, ეს უკვე მესამედ, გულწრფელად გიგზავნით ქართველი ხალხის მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ჩვენ, ქართველები და თქვენ, უკრაინელები, კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებლობის ფასს, ტერიტორიული მთლიანობის ფასს, სუვერენიტეტის ფასს. ბოლო წლებში თქვენ მსოფლიოს დაუმტკიცეთ რას ნიშნავს დაიცვა საკუთარი ტერიტორია, დაიცვა შენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
თქვენ მოახერხეთ გაგეერთიანებინათ მთელი ევროპა თქვენს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არა მხოლოდ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას ომის გზით, არამედ აჩვენებთ, რომ ვერავინ მოიპოვებს უკრაინას მშვიდობის გზითაც.
თქვენ გექნებათ მშვიდობა, თქვენ გაქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში, ამაშიც დარწმუნებული ვარ და მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!“, – ნათქვამია მიმართვაში.
„ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელად ულოცავს უკრაინელ ხალხს და უსურვებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე:
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს და ვუდასტურებთ ჩვენს სოლიდარობას და მეგობრობას უკრაინელ ერს“
მიხეილ ყაველაშვილი:
„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ერის მიმართ მტკიცე და ურყევია, გულწრფელად გისურვებთ მდგრად მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას.“
უკრაინის პრეზიდენტმა მილოცვები მიიღო ასევე ჩინეთის, თურქეთის, ნიდერლანდების ლიდერებისგან, რომის პაპისგან.
ნორვეგიის მთავრობის ცნობით, უკრაინა საჰაერო თავდაცვის საშუალებებისთვის 7 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (დაახლოებით, 700 მილიონი დოლარი) მიიღებს.
ნორვეგიის მთავრობის თანახმად, გერმანიასთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას მძლავრი საჰაერო სისტემები ჰქონდეს.
ნორვეგია და გერმანია ორი „პატრიოტის“ სისტემის, ასევე რაკეტების შეძენას აფინანსებენ, დამატებით, ნორვეგია წვლილს შეიტანს რადიოლოკაციური სადგურის, Hensoldt-ისა და საჰაერო თავდაცვის სისტემა Kongsberg-ის შესყიდვაშიც.
კანადა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დრონებს, საბძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას გადასცემს.
ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს.
უკრაინის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავისთვის, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ევროკავშირი ქვეყანას ურყევი მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს, 4.05 მილიარდ ევროს გადასცემს. ეს მოიცავს 3.05 მილიარდ ევროს Ukraine Facility ფარგლებში და 1 მილიარდ ევროს ევროკომისიის განსაკუთრებული მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში.