უკრაინა მარიუპოლის ბლოკადის მოსახსნელად პარტნიორებს იარაღს სთხოვს - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი არ ეთანხმება  მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად უკრაინის მიერ შეთავაზებულ არცერთ ვარიანტს. ამის შესახებ ზელენსკიმ 10 მაისს, მალტის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„მარიუპოლის მცველები რჩებიან მარიუპოლში. ისინი აგრძელებენ წინააღმდეგობას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ იარაღს, რათა შევძლოთ მათი გადარჩენა. მაგრამ რუსეთი ჩვენ მიერ აქამდე შეთავაზებულ ვარიანტებს არ დათანხმდა“, – თქვა მან.

როგორც Ukrayinska Pravda წერს, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებს სთხოვს იარაღს მარიუპოლის ბლოკადის მოსახსნელად, სამოქალაქო და სამხედრო პირების გადასარჩენად.

„მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იარაღის ზუსტად ის მოცულობა, რომელიც საჭიროა მარიუპოლის ბლოკადის მოსახსნელად“, – თქვა მან.