უკრაინა მკაცრად გმობს ე.წ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ე.წ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში.

უკრაინა აცხადებს, რომ არ აღიარებს ამ ყალბი „არჩევნების” შედეგებს და მას მიიჩნევს, როგორც რუსეთის ფედერაციის სისტემურ ძალისხმევას, მოახდინოს პრო-რუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, განსაკუთრებით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაფიო დაცვას შეუძლია, ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის მოგვარებით იმპერიის აღდგენის მიზნით.

უკრაინა მუდმივად იცავს და დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველოსა და ჩინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო ე.წ. “დამოუკიდებლობას”.

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა კი უმძიმესი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთ დანაშაულებზე”. – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი არჩევნები იმართება. ასლან ბჟანიამ პოსტი 2024 წლის 19 ნოემბერს დატოვა და ის ე.წ. არჩევნებში არ მონაწილეობს.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.

ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხზე საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა.