უკრაინა მოითხოვს ქართული მხარისგან, რომ სააკაშვილს ღირსეულად მოექცნენ

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე ღირსეულად უნდა მოექცეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებელია მის მიმართ ძალის გამოყენება.

როგორც უკრაინის საგარეო უწყება წერს, ამის შესახებ დღეს შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს გიორგი ზაქარაშვილს განუცხადა.

„მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

მიკოლა ტოჩიცკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა განაგრძობს განსაკუთრებული ყურადღებით დაკვირვებას, როგორ იქნება დაცული უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, რომლის დაცვის ვალდებულებაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოს ვალდებულებაა“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


დღეს, 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში მიყვანის და შესახლების ამსახველი ორი ვიდეო – ერთი უხმოდ და მეორე ხმით – გაავრცელა.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, კადრები ასახავს შესახლებისა და მინისტრისვე შეფასებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.

რატი ბრეგაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოკადრები აქარწყლებს სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებას სააკაშვილის შესახლებასთან დაკავშირებით.

სააკაშვილის ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ვიდეოკადრები დაგმეს და განაცხადეს, რომ პენიტენციურმა დაადასტურა ის, რომ სააკაშვილს დამამცირებლად და ღირსების შემლახავად ეპყრობიან.