უკრაინა: საქართველოს მთავრობა კრემლის ქსეროქსად იქცა

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ეხმაურება „ქართული ოცნების” პროპაგანდას უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რუსეთის მიდგომების მიბაძვით საქართველოს მთავრობა კრემლის ქსეროქსად იქცა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ხელმძღვანელობის მცდელობებს, რომ უკრაინა 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მისი ქვეყნის შიდა პროცესებში გარიოს. კიდევ ერთხელ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებში აგდებული ტონის გამო ჩვენ იძულებულები ვართ კვლავ გამოვხატოთ უკრაინის პოზიცია.

გასაკვირია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დაჟინებული მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობის გონებიდან წაშალოს ის არაერთი დანაშაული, რაც საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა ჩაიდინა და აგრძელებს.

„ქართული ოცნების” პარტიის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის ფოტოების მათი პოლიტიკურ რეკლამებში გამოყენება სამარცხვინოდ მიგვაჩნია. საქართველოს მმართველ პარტიაზე სიმართლე გამოააშკარავა უკრაინის უბედურებაზე უსირცხვილო სპეკულაციამ, რაც მოიცავს უკრაინელი ხალხის აბუჩად აგდებას და მზადყოფნას, რომ პოლიტიკური ქულების გამო ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას შეუქცევადი ზიანი მიაყენოს.

რუსი ომის დამნაშავეების მიერ განადგურებული უკრაინული რელიგიური სიწმინდეების ფოტოები „ქართული ოცნების” პოლიტიკურ რეკლამაში განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს საქართველოში დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულის, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის წინა დღეებში.

სინანულით ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიდგომების მიბაძვით, რაც გულისხმობს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფასა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციების მონაწილეობის შეზღუდვას, საქართველოს მთავრობა კრემლის ქსეროქსად გადაიქცა.

ჩვენ უნდა შეგახსენოთ კიდევ ერთი სიმართლე, რისი გამჟღავნებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაავიწყდა. საქართველოს ხელისუფლების უარი, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, 2000-იან წლებში შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმება და ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებამ საქართველო მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში დააბრუნა”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 9 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რეალურად საზოგადოებას არ ჰქონდა სრული და სათანადო ინფორმაცია, რა ხდება უკრაინაში” და მათი ბილბორდებით „სიმართლე გააშიშვლეს”.


„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოებს იყენებს.

„ოცნების” ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა. დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის, ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა – „ბავშვები“.

ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა. „ქართული ოცნების” სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრაინაში, მეორე მხარეს კი – სამების ტაძარს.