უკრაინამ არა მხოლოდ თავად მოიხსნა დამარცხებულის სინდრომი, საქართველოსაც მოხსნა - ზილფიმიანი

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ ისინი სოლიდარულნი არიან და გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ეს ომი უკრაინელებისთვის არის წმინდათა წმინდა სამამულო ომი, რომელშიც სამშობლოსა და ხალხის დასაცავად იბრძვიან.

მოვუწოდებ როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ისე ევროპულ საზოგადოებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად უსწრაფესი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც უკრაინისთვის ამ ეტაპზე სოლიდარობისა და პარტნიორობის ყველაზე დიდი გამოვლინება იქნება“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

მისივე თქმით, ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ საქართველოს დამარცხებულის სინდრომი გაუჩნდა, თუმცა ეს ახლა შეიცვალა.

„მინდა, გაგიზიაროთ ერთი მოსაზრება – ყველაზე დიდი, რაც უკრაინელი ხალხის ბრძოლამ გამოიწვია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც, ჩემი აზრით, არის შემდეგი:

…ტერიტორიების დაკარგვის შემდგომ ჩვენ წარმოგვექმნა დამარცხებული სინდრომი. ის, რაც უკრაინელმა ხალხმა გააკეთა, არის ის, რომ მათ არა მარტო თვითონ მოიხსნეს, რაც 2014 წელს დაემართათ, დამარცხებულის სინდრომი,  არამედ საქართველოსაც მოხსნეს ეს მანტია, რაც  არის, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა მან.