უკრაინულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ „ნაფტოგაზმა“ აზერბაიჯანულ SOCAR-თან პირველი შეთანხმება გააფორმა, რაც ბუნებრივი გაზის მცირე მოცულობით იმპორტს მოიცავს და ის ტრანსბალკანური მარშრუტით განხორციელდება.
„ნაფტოგაზის” მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრანსბალკანური მარშრუტით პირველად მიეწოდება სატესტო მოცულობის გაზი.
„ნაფტოგაზის” გენერალური დირექტორის განცხადებით, მართალია, ეს მცირე მოცულობაა, მაგრამ იგი „სტრატეგიულად მნიშვნელოვანია” და ეს ნაბიჯი გზას ხსნის გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „აშკარად კიევის მხარდაჭერისკენ არის მიმართული”.
„ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც იმ კურსის გაგრძელება, რომელმაც უკვე არაერთ აღმოჩენამდე მიგვიყვანა, სულ მცირე, აზერბაიჯანის მიმართულებით”.
მანვე დაამატა, რომ აზერბაიჯანი არ წყვეტს რუსეთთან ურთიერთობიდან სარგებლის მიღების მცდელობებს, თუმცა ახლა ეს მცდელობები მეორეხარისხოვანი ხდება. ზატულინის თქმით, წინ წამოწეულია სურვილი, რომ აზერბაიჯანმა აჩვენოს თავი „ქვეყნად, რომელიც რუსეთთან მიმართებით, სულ მცირე, არ იქცევა როგორც მოკავშირე და რომელიც არანაირად არ ზღუდავს თავს თავისი ოპონენტებისა და მტრების მიმართ.“