უკრაინამ და აშშ-მა უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

პუბლიკა

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ზელენსკიმ ამ ხელშეკრულებას უწოდა „ხიდი NATO-ს წევრობისკენ“. მისი თქმით, შეთანხმება მოიცავს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას და მხარდაჭერას რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრაში.

მედიის ცნობით, შეთანხმება მოიცავს გრძელვადიან, მრავალმხრივ სამხედრო დახმარებას, ასევე აშშ-ში არსებული რუსული აქტივების გაყინვას, სანამ რუსეთი უკრაინას მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება „სუვერენიტეტის, თავისუფლებისათვის და ტირანიის წინააღმდეგ“.

ასევე მისი თქმით, ამჟამად ხუთი ქვეყანა ელოდება ამერიკისგან „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მაგრამ მათ მოცდა მოუწევთ, რადგან აშშ-მა პირველ რიგში უნდა შეავსოს უკრაინის საჭიროებები.

უკრაინამ აშშ-სგან „პატრიოტის“ ერთი ბატარეა მიიღო, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე კი ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონი კიევს კიდევ ერთ ბატარეას გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ მას უკრაინისთვის „საჰაერო ფარის“ უზრუნველსაყოფად 7 ასეთი ბატარეა და საჭირო რაოდენობით რაკეტები სჭირდება. უკრაინას „პატრიოტის“ კიდევ ერთი ბატარეას გერმანია გადასცემს, მათ აქამდე კიევს ორი ბატარეა გაუგზავნეს.