უკრაინამ EU-სგან დამატებით €4 მილიარდი მიიღო სესხად, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება

პუბლიკა

პირველ ოქტომბერს უკრაინამ ევროკავშირისგან 4 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში მიიღო, G7-ის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) ინიციატივის ფარგლებში. ეს ინიციატივა გაყინული რუსული აქტივებით ფინანსდება.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში, ERA-ს ფარგლებში ევროკავშირისგან დაგეგმილი 18.1 მილიარდი ევროდან 14 მილიარდი უკვე მიიღეს. სამინისტრო ამბობს, რომ დაფინანსება შესაძლოა გამოიყენონ სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯებისთვის სოციალურ, სამხედრო სექტორებში და რეკონსტრუქციისთვის.

„2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირი უკრაინისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის უმსხვილესი მიმწოდებელია – 62.5 მილიარდი ევრო. ERA-ს ფონდები 2025 წელს საბიუჯეტო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და ევროკომისიას მადლობა გადაუხადა.

მისივე განცხადებით, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრების დღის წესრიგში კვლავ რჩება გაყინული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის შემდგომი გამოყენების საკითხი.

G7-ის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) მექანიზმი უკრაინისთვის სესხის გაცემას ითვალისწინებს, რომლის დაფარვაც რუსეთის სახელმწიფო აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით ხდება.

2024-2025 წლებში დიდი შვიდეულის ქვეყნებმა და ევროკავშირმა უკრაინას უკვე გამოუყვეს თითქმის 28 მილიარდი დოლარის დაფინანსება, ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებში.