უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 100-ზე მეტი მოქალაქე დაიბრუნა

პუბლიკა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 100-ზე მეტი უკრაინელი დაიბრუნა. დღეს რუსეთმა და უკრაინამ კიდევ ერთხელ გაცვალეს ტყვეები, რის შედეგადაც უკრაინაში 100 უკრაინელი დაბრუნდა, რუსეთში კი – 106 რუსი სამხედრო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრიი ერმაკის თქმით, დაბრუნებულ უკრაინელებს შორის იყვნენ მებრძოლები, ვინც „აზოვსტალს“, მარიუპოლს, გოსტომელს, ბახმუტს, ზაპორჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდა. მისივე თქმით, დაბრუნებულ უკრაინელებს შორის 20 ქალია.

ასევე უკრაინამ რუსეთისგან დაიბრუნა 24 ბავშვი, რომელიც ხერსონის ოკუპაციის შემდეგ რუსებმა გაიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბავშვების დაბრუნების საკითხი საკმაოდ რთული იყო, თუმცა წარმატებით დასრულდა.

რუსეთის ხელისუფლებამ იმ ტერიტორიებიდან, რომელთა ოკუპირებაც მოახერხა ათასობით ბავშვი გადაიყვანა რუსეთის ტერიტორიაზე. საბოლოოდ, ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე ძებნა გამოაცხადა.