უკრაინამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

პუბლიკა

უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დეკლარაცია განსაზღვრავს უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტებს.

კერძოდ, დეკლარაცია ითვალისწინებს, რომ თუ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, საფრანგეთი და ბრიტანეთი სამხედრო ძალებს გაგზავნიან უკრაინაში. დეკლარაციის თანახმად, ეს ძალები იქნებიან მრავალეროვნული და იმოქმედებენ, რათა დაიცვან და გააძლიერონ უკრაინა.

დეკლარაციის მიხედვით, ბრიტანეთი და საფრანგეთი დაეხმარებიან უკრაინას არმიის აღდგენაში და გააძლიერებენ ქვეყნის უსაფრთხოებას. ამასთან, ბრიტანეთი და საფრანგეთი შექმნიან სპეციალურ სამხედრო ბაზებს (ჰაბებს) უკრაინის სხვადასხვა რეგიონში და ამ ბაზებზე განათავსებენ იარაღსა და სამხედრო ტექნიკას უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის.

დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ეს ასახავს კოალიცისაა და ევროპული ქვეყნების სურვილს, იმუშაონ მშვიდობისთვის“.

ზელენსკის თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც მთლიან პროცესს ხსნის.

„„მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების უმეტესობაში საჭიროა მათი პარლამენტების მხარდაჭერა. ამიტომ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ეს პროცესი ქვეყნების პარლამენტებში გადაინაცვლებს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის გუნდთან ისაუბრეს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე, რათა არ მოხდეს მშვიდობის დარღვევა.

„ამერიკა მზად არის, იმუშაოს ამ საკითხზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის [აგრესიის] შეკავება. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც არ დაუშვებს ახალ რუსულ აგრესიას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთმა ბოლო წლებში დადებული ყველა სამშვიდობო შეთანხმება დაარღვია, ამიტომ საჭიროა მშვიდობის მყარი გარანტიები.

„ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ხელმოწერილი ყველა სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა – მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მყარი გარანტიები. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნებიდან უცხოური ძალები განთავსდებიან ადგილზე – ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე – ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მაკრონმა.

პრესკონფერენციაზე ისაუბრა ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის” მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის მასშტაბით „სამხედრო ჰაბებს” შექმნიან და დაცულ ადგილებს ააშენებენ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის.

„მსურველთა კოალიციის” მიზანი არის ხანგრძლივი მშვიდობის მიახლოებაში დახმარება და აშშ-სთან მუშაობა გრძელვადიანად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის. ეს მუშაობა ახლა უფრო წინ არის წაწეული, ვიდრე ოდესმე…

ბრიტანული, ფრანგული და პარტნიორი ძალები შეძლებენ უკრაინულ მიწაზე ოპერირებას, უკრაინული ცისა და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგენერირებას სამომავლოდ“, – თქვა სტარმერმა.