უკრაინამ შოთა აფხაიძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 იანვრის განკარგულებით, ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე სანქცირებულთა სიაშია.

სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას და სხვა ზომებს. 1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე დოკუმენტში აღნიშნულია, როგორც რუსეთის მოქალაქე.

ვინ არის შოთა აფხაიძე  – ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია „მითების დეტექტორის“ მასალაში. მან საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრისა და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა.

დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო.მალხაზ გულაშვილი ასევე იყო „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. ამ დროს აფხაიძე ამ მოძრაობის ერთ-ერთ წევრად იყო დასახელებული და იხსენიებოდა როგორც ახალგაზრდული მოძრაობის „წინ” თავმჯდომარე.

ამავე მასალის მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში შოთა აფხაიძემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ტელეარხ Zvezda-ას გადაცემისთვის „ღია ეთერი” (“Открытый эфир’”) სიუჟეტი მოამზადა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საომარი მოქმედებების დროს ორგანოებით ვაჭრობის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული შეთქმულებას ასახავდა.