უკრაინამ ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო იერიში მიიტანა 

პუბლიკა

19 აგვისტოს, დილის საათებში უკრაინამ რუსეთში, ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია და ოფიციალური პირები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იყო ხანძარი. მუშაობა შეაჩერა ვოლგოგრადის აეროდრომმა.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩარომა განაცხადა, რომ 19 აგვისტოს დაახლოებით 10 აფეთქების ხმა გაისმა. მისივე თქმით, ხანძარი გაჩნდა როგორც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, ისე საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობის სახურავზე.

მანამდე, 14 აგვისტოს ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც აგრესორი რუსეთის არმიისთვის საწვავს აწარმოებს.

გარდა ამისა, 15 იანვრის ღამეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის შესახებ, რომელსაც წინ აფეთქება უძღოდა.

2024 წელს ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინელებმა საჰაერო იერიში ორჯერ მიიტანეს – 3 თებერვალს და 11 მაისს.