დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს ჰიპის თქმით, უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ მიიტანოს იერიშები არამხოლოდ თავის მიწაზე, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც.
„უკრაინა სუვერენული ქვეყანაა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა თავის საზღვრებში. სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა მისი საზღვრების დარღვევა და 130 000 სამხედრო შეიყვანა იქ.
ამის გამო დაიწყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და ომში უკრაინას ესაჭიროება, რომ თავის მოწინააღმდეგეს სიღრმეშიც მიაყენოს დარტყმა. მიიტანოს იერიში ლოგისტიკის კვანძებზე, საწვავის მარაგებზე, იარაღის საწყობებზე. ეს ომის ნაწილია“, – თქვა ჯეიმს ჰიპიმ Times Radio-თან ინტერვიუში.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ის ეწინააღმდეგება არადისკრიმინირებულ ცეცხლს და რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ბრიტანეთი ამას დაგმობს, მაგრამ უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, მიიტანოს იერიში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის, რუსეთის სიღრმეში, რომ ხელი შეუშალოს რუსული არმიის მომარაგებას.
„თუ ისინი ვერ შეუშლიან ხელს [მომარაგებას], მაშინ ეს პირდაპირ გადაიტანს სიკვდილსა და ხოცვა-ჟლეტას უკრაინის მიწაზე“, – თქვა ჯეიმს ჰიპიმ.
ასევე, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არ შეუშლის ხელს უკრაინას, თუკი ისინი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებს მათ მიერ გადაცემული იარაღით მიიტანენ. მეტიც, ჰიპის თქმით, ამჟამად მოკავშირეები უკრაინას ისეთი იარაღით ეხმარებიან, რომლითაც უკრაინა საზღვრებს მიღმაც შეძლებს რუსეთის შეკავებას.