უკრაინაში აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი წარადგინეს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაინიშნება.

ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის პოზიციას იკავებს. მანამდე ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო.

ბრიჯიტ ბრინკს საქართველოში რიჩარდ ნორლანდის ელჩობის დროს აშშ-ის ელჩის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში ელჩად ინიშნებოდა, თუმცა მისი კანდიდატურა  „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა. მიზეზად მედიამ ბრიჯიდ ბრინკის მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობა დაასახელა.

„არასერიოზულია საუბარი, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს“, – ასე გამოეხმაურა მაშინ მინისტრი დავით ზალკალიანი გავრცელებულ ინფორმაციას.