ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა კვირას, 23 მარტს ჯიდაში განახლდება.
Fox News-თან ინტერვიუში, მას მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დეტალები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები საჭიროებს დეტალების დაზუსტებას, რასაც კვირას განიხილავენ.
გუშინ, 19 მარტს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის რამდენიმესაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა, რის ფარგლებშიც ისინი „შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.
პუტინმა უარი თქვა სრულ წინადადებაზე, რაც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოიცავდა და თქვა, რომ ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის პარტნიორები კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას შეწყვეტენ.
ამასთან, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ დღეს ისინი 175 პატიმარს გაცვლიან.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებაზე უარიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვი, პოლტავა, ჩერნიჰივი, კიევი და სხვა რეგიონები.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის დაბომბეს საავადმყოფო სუმიში.
პარალელურად, რუსეთიც ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს 57 უკრაინული დრონი მოიგერიეს.