უკრაინაში ჩვენი მიზნები არ შეცვლილა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - პუტინი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მათი მიზნები უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ წამოწყებიდან დღემდე არ შეცვლილა. პუტინის თქმით, შესაძლოა სამხედროებმა გარკვეული ცვლილებები შეიტანონ ტაქტიკაში, მაგრამ მათი მიზნები უცვლელია და მის მისაღწევად წარმატებით მოქმედებენ.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გენერალური შტაბი წყვეტს, რა სამხედრო მოქმედებები ჩაატაროს, რაზე მიიტანოს იერიში და როგორ გადაჯგუფდეს. ის კი მათ ენდობა.

„მე ვენდობი პროფესიონალებს. ისინი მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი კი, როგორც ამას ხაზი გავუსვი, დონბასის გათავისუფლება და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ეს არის და ეს. სამხედროები მოქმედებენ და მიიწევენ იმ მიმართულებებით, რომელიც სამხედრო ამოცანადაა დასახული. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

არ არის საჭიროება, რომ ვილაპარაკოთ კონკრეტულ ვადებზე, მე არასდროს ვსაუბრობ ამაზე, რადგან ეს ცხოვრებაა, რეალობა უნდა აღვიქვათ, კონკრეტული თარიღების დაწესება არასწორია.

ეს დამოკიდებულია საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობაზე, ინტენსივობა კი პირდაპირ უკავშირდება შესაძლო დანაკარგებს. ჩვენ კი პირველ რიგში იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი შვილების სიცოცხლეები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა თურქმენეთში ვიზიტისას ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს დროს.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრამდე მოითხოვდა, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის სამუდამოდ დახურულიყო NATO-ს კარი და ალიანსს აღმოსავლეთით გაფართოება შეეწყვიტა. NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა კი 1997 წლამდე მდგომარეობას დაბრუნებოდა, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის წარმომადგენლობის მნიშვნელოვნად შემცირებას გულისხმობდა.

უკრაინაში შეჭრისას პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მათი მიზანია უკრაინის დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაცია“, რუსეთის ხელისუფლება მოითხოვდა, რომ უკრაინას ჰქონოდა ნეიტრალური, დემილიტარიზებული ქვეყნის სტატუსი, კიევს კი ყირიმსა და დონბასზე უარი ეთქვა.

უკრაინაში ომის წარუმატებელი პირველი ეტაპის შემდეგ, რუსეთის გენშტაბში აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი უკრაინის სამხრეთ რეგიონების მთლიანად დაკავება და მოლდოვის საზღვრამდე გასვლაა. ამის მიუხედავად, ხერსონის მიმართულებით რუსეთმა შეტევა შეწყვიტა და თავდაცვაზე გადავიდა, აქტიური, მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს დონბასში.