უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები დროებით გმირთა მემორიალთან გადავიტანეთ - მერია

პუბლიკა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოები დროებით გმირთა მემორიალთან გადავიტანეთ, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს:

„გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.

ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა.

ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა. ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.


მოქალაქეთა ნაწილი თბილისის ახალ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“ აპროტესტებს. 9 დეკემბერს დაანონსებულია აქციაც.

„9 დეკემბერს, 20:00, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ, ერთად ვნახოთ,რას გვიპასუხებს მერია მოთხოვნაზე – შეცვალოს ან გააუქმოს წარწერა – „მშვიდობის ქალაქი“, – აცხადებენ ორგანიზატორები