სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
პატრიარქი ტვიტერში წერს, რომ საომარი მოქმედებები დროულად უნდა შეჩერდეს.
„უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ იგი მსოფლიო ტრაგედიად იქცევა“, – წერს პატრიარქი.
განახლება
მოგვიანებით პატრიარქის ვრცელი განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა.
„საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც. შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს. ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – წერია განცხადება.
რუსეთი დღეს, 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.