უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჭანიას ახლობლები ავრცელებენ.

ცნობილია, რომ ჭანია ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების „აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

„სიცოცხლეშივე გმირი იყავი და გმირულად დაეცი უთანასწორო ბრძოლაში. შენ ის იშვიათი მეომარი იყავი, რომელიც ბრძოლაში დამსახურებულ მედალსაც კი არ იკიდებდი, იმდენად თავმდაბალი იყავი. ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, 2022 წლის შემდეგ, 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.