უკრაინაში მებრძოლ ქართველ სნაიპერს რუსეთმა დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა

პუბლიკა

რუსული პროსახელისუფლებო მედია წერს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სნაიპერი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ძებნილთა სიაში შეიყვანა და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მედიის ცნობით, 2002 წელს დაბადებული გიორგი გელაშვილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის.

მათი განცხადებით, 2023 წლის 6 აგვისტოს სნაიპერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარკვეული დრო არ ხაზზე არ იქნებოდა, რადგან ბევრი საქმე ჰქონდა.

გამოცემაში აღნიშნავენ, რომ როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, უკრაინაში ჩატარებული ოპერაციის საფუძველზე, „კიევის რეჟიმმა” რუსეთის მხარესთან მუშაობის ბრალდებით უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ გელაშვილი მათ დაკავებაში პირდაპირ იყო ჩართული.

ამასთან, როგორც ცნობილია, რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა შეფარდებული აქვთ ქართული ლეგიონის წევრებს უშანგი მამულაშვილსა და ლევან ფიფიას.