„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეანომობილიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილის შეყვანის კადრებმა აჩვენა, როგორი პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ხალხის მიერ. ინჯიას თქმით, სადაც სააკაშვილია, იქ ნგრევა და ომია.
„რეანომობილიდან პრეზიდენტის გადმოყვანის კადრებმა აჩვენა, როგორი ადამიანი არ უნდა აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტად. ყველაფერი, რაც ხდება მის ირგვლივ, ყველაფერი მის თავში იხარჯება – ის ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს და ვინ რა უნდა გააკეთოს. ყველაფერი მისგან მოდის. სადაც სააკაშვილია იქ ნგრევა და ომია. მოუწევს, იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ მას არავინ მიიღებს.
მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის. სადაც ის არის, იქ ნგრევაა. დაინგრა საქართველოში განათლება. დავშორდით ჩვენს აფხაზ ძმებს. ჩაბარდა და გაიყიდა მიწები. ზურგი ვაქციეთ ერთ მილიონ ქართველს რუსეთში. იგივე გაკეთდა უკრაინაში. რომ არა მისი სპეცრაზმელები, ის მაიდანი, იმ სახით, ტყუპისცალი ე.წ. ვარდების რევოლუციის, შეიძლება არ მომხდარიყო. ის დაპირისპირება, რაც არის უკრაინაში და ის ომი, გარკვეულწილად, სააკაშვილის დამსახურებაა. ის სჭირდებოდათ აზიის ქვეყნებში, მაგრამ არ გამოუვიდათ.“ – განაცხადა ინჯიამ.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. მისი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვისთვის ყველა პირობაა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება.