უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მედიის წინააღმდეგ დანაშაულის 243 შემთხვევა აღირიცხა

პუბლიკა

უკრაინის ტელე- და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 27 აპრილამდე პერიოდში უკრაინაში მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 243 შემთხვევა აღირიცხა.

დანაშაულის შემთხვევები დაფიქსირებულია უკრაინის 16 რეგიონში და მოიცავს მკვლელობებს, დაკავებებს, დაჭრასა და დაშინებებს, სატელევიზიო ანძების დაბომბვებს.

უკრაინული უწყების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 27 აპრილამდე პერიოდში 7 ჟურნალისტი მოკლეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 15 კი დაკარგულად ითვლება. 8 ჟურნალისტი გაიტაცეს და მას შემდეგ დაიკარგნენ ან დაკავებული არიან.

ასევე, 14 ჟურნალისტი დაიღუპა, დაბომბვის შედეგად ან როგორც მებრძოლი, მაშინ, როცა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, 9 კი დაშავდა.

ტელე- და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ აღრიცხულია სატელევიზიო ანძების დაბომბვის 11 შემთხვევა.

სტატისტიკაში არ მოხვედრილა გუშინ რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული ჟურნალისტი ვერა გირიჩი. „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი და პროდიუსერი 28 აპრილს დაიღუპა.