უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო

პუბლიკა

უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღეს ე.წ. რეფერენდუმები დაიწყო რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე.

ე.წ. რეფერენდუმი 5 დღე გაგრძელდება და სამშაბათს, 27 სექტემბერს დასრულდება.

დონეცკსა და ლუჰანსკში მოსახლეობამ უნდა გასცეს შემდეგ კითხვას პასუხი: „მხარს უჭერთ თუ არა, რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“.

ხერსონსა და ზაპოროჟიეში შემდეგი შეკითხვები იქნება გატანილი ბიულეტენზე: 1. „გსურთ თუ არა, უკრაინისგან გამოყოფა; 2. გსურთ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა; 3. გსურთ თუ რუსეთთან შეერთება?“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმების გამართვას რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა და თქვა, რომ  „ფსევდო რეფერენდუმები“ არაფერს შეცვლის და კიევი გააგრძელებს უკრაინის მიწების გათავისუფლებას.