უკრაინაში რუსეთის ომიდან 1 წელი გავიდა | მნიშვნელოვანი მოვლენები

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. 24 თებერვალს, გამთენიისას, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი დაიწყო.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსულმა არმიამ მზადება ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულით დაიწყო. რუსული საჯარისო ნაწილების თავმოყრა მეზობელი ქვეყნის საზღვრებთან შემოდგომით გააქტიურდა. ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაშინგტონში განაცხადეს, რომ რუსეთის შეჭრა გარაუვალი იყო. საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მცდელობის, მათ შორის, მოსკოვში დასავლელი ლიდერების ვიზიტების მიუხედავად, კრემლის გეგმები არ შეცვლილა.

ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვლადიმერ პუტინმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც უკრაინის არსებობის ლეგიტიმურობაც კი დააყენა ეჭვქვეშ და ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოს შექმნა საბჭოთა პერიოდს დაუკავშირა.

21 თებერვალს პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. 24 თებერვალს დილის 6 საათზე კი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების ბრძანება გასცა. მას შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ომს კრემლი ასე მოიხსენიებს.

ვიდეომიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაცია“ იყო.

200 000-მდე სამხედროს შეჭრას წინ უძღოდა მასობრივი სარაკეტო და საავიაცო იერიშები. რუსეთის არმიამ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობის სწრაფად განადუგრებასა და ქვეყნის დედაქალაქის სწრაფად აღებაზე გააკეთა აქცენტი. რუსეთის ელიტარულმა ნაწილებმა კიევის ახლოს პოზიციების დაკავება და ქალაქის ალყაში მოქცევა სცადეს.

24 თებერვალს არაერთი სამხედრო მიმომხილველი, როგორც რუსეთში, ისე დასავლეთის ქვეყნებში, მიიჩნევდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. თუმცა, საბოლოოდ, რუსეთის სწრაფი იერიში ჩავარდა. კიევთან ახლოს უკრაინელებმა კონტრშეტევაც წამოიწყეს.

ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ რუსულმა არმიამ უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან უკან დაიხია. მათ დატოვეს კიევის, ჩერნიჰივისა და სუმის ოლქები.

ამის შემდეგ, თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს, დემილიტარიზაციას და ნეიტრალიტეტს მოითხოვდა, უკრაინა კი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს, თუმცა ტერიტორიულ დათმობებზე კიევმა უარი განაცხადა. მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულდა.

მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობები

უკრაინის ჩრდილოეთისგან განსხვავებით მეტად წარმატებული იყო რუსეთის შეტევა სამხრეთ ნაწილში, სადაც ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ რუსეთმა მსხვილი საპორტო ქალაქი მარიუპოლი ალყაში მოაქცია. თუმცა ალყის მიუხედავად ქალაქში გამაგრებულმა სამხედროებმა მარიუპოლის შენარჩუნება ორი თვის განმავლობაში შეძლეს.

რუსეთმა კი მარიუპოლი არაერთხელ მძიმედ დაბომბა. მათ შორის, დაიბომბა სამშობიარო, მოგვიანებით კი თეატრი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. რუსეთის სამხედრო მოქმედებებს ქალაქში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

1 აპრილს კი რუსული ძალების უკან დახევის შემდეგ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აღმოაჩინეს ნაწამები და მოკლული კიევთან ახლოს მდებარე ბუჩასა და სხვა დასახლებებში.

მიმდინარე ომის ერთი წლის განმავლობაში, მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და მასობრივი მკვლელობების ფაქტები აღმოჩნდა თითქმის ყველა იმ რეგიონში, რომელსაც გარკვეული დროით რუსეთი აკონტროლებდა.

მნიშვნელოვანი მოვლენები

უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებიდან უკან დახევის შემდეგ რუსეთისთვის მნიშვნელოვან მარცხად იქცა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის „მოსკვას“ ჩაძირვა. ურკაინელებმა გემი 14 აპრილს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით დააზიანეს და ჩაძირეს.

აპრილშივე, რუსეთმა შეამცირა თავისი სამხედრო მიზნები და აქცენტი უკრაინის ოკუპაციიდან მისი აღმოსავლეთ ნაწილის დაკავებაზე გადაიტანა. რუსულმა არმიამ არტილერიის მხარდაჭერით ლუჰანსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქებს შეუტია.

17 მაისს მარიუპოლის მცველებმა პრეზიდენტის ბრძანებისამებრ ბრძოლა შეწყვიტეს. ორთვიანი ალყისა და დიდი მსხვერპლის შემდეგ რუსეთმა ქალაქის დაკავება შეძლო.

ზაფხულის განმავლობაში რუსეთის არმიის წინსვლის პარალელურად უკრაინამ დასავლური მძიმე შეიარაღების მიღება დაიწყო.

29 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც 12 ნოემბერს ქალაქ ხერსონისა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლებით დასრულდა.

1 სექტემბერს კი უკრაინამ მოულოდნელი იერიში წამოიწყო ხარკივის ოლქში, მოულოდნელ შეტევას რუსული არმიის თავდაცვის ხაზმა ვერ გაუძლო და ოლქიდან მალევე დაიხიეს უკან.

ომში წარუმატებლობის ფონზე 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა. რომლის შედეგადაც რამდენიმე ასეული ათასი რუსი გაიწვიეს ომში. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან ასობით ათასი მოქალაქე გაიქცა. მათ შორის, რამდენიმე ათეულმა ათასმა მოქალაქემ საქართველოს შეაფარა თავი.

8 ოქტომბერს უკრაინული შეტევის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდი.

10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი სარაკეტო იერიშები განაახლა. თუმცა ამჯერად სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაცვლად, მათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები ამოიღეს მიზანში. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რუსეთმა არაერთი ასეთი იერიში მიიტანა.

21 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დატოვა ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ. ის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა.

25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დასავლური წარმოების ტანკებს მიიღებს, რომელთა გადაცემისგანაც დასავლეთი დიდი ხანი იკავებდა თავს. ასევე იანვარში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მიიღებს შორი მოქმედების რაკეტებსაც, რათა რამდენიმე თვეში ეფექტიანი კონტრშეტევის წამოწყება შეძლოს.

20 თებერვალს ომის დაწყების ერთი წლისთავის წინ კიევში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ბაიდენის ვიზიტამდე კიევს ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთი ლიდერი ეწვია. მათ შორის არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

დანაკარგები

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა თავისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გამოიყენა. ომში ჩაერთო სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაცია, ფლოტი, სახმელეთო ძალების ფაქტობრივად სრული შემადგენლობა, „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფება, სეპარატისტული ჯარები, მოხალისეები, მსჯავრდებულები, რომელთაც სასჯელიდან გათავისუფლებას დაპირდნენ და მობილიზებული მოქალაქეები.

უკრაინულ ქალაქებზე მასობრივი და არაწერტილოვანი დაბომბვების თუ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მსხვერპლის რიცხვი ამ დრომდე დაუზუსტებელია, რადგან ტერიტორიების ნაწილს კვლავ რუსეთი აკონტროლებს. დაღუპულთა შორის, ოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე ასეული ბავშვია.

უკრაინა არ ასაჯაროებს დანაკარგებს სამხედროებში. თუმცა აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობებით, უკრაინამ ომში რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო დაკარგა. დანაკარგებში ითვლება როგორც მოკლული, ისე დაჭრილი და დაშავებული სამხედროები.

უფრო დიდია დანაკარგები რუსეთის არმიაში. ასევე აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების ბოლო შეფასებებით, უკრაინაში რუსეთმა უკვე 200 000-მდე სამხედრო დაკარგა. განადგურდა ათასობით ტანკი და ჯავშანტექნიკა. უკრაინელებმა შეძლეს ათობით თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ჩამოგდება.

ამ დროისთვის, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 20%-ზე ნაკლებს აკონტროლებს.