„მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა გარკვეულწილად განაპირობა საქართველოს პოზიციამაც.
„სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დანიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც.
მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს, რეფორმების ეროვნულ საბჭოს მისცეს იმპულსი და დაეხმაროს ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – ასე ციტირებს ზელენსკის კომენტარს უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი.