რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინასთან ომის დაწყების იდეაც კი მიუღებელია მათთვის. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ალექსეი ზაიცევი აცხადებს, მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ არავისზე თავდასხმას არ აპირებენ.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არ ვაპირებთ არავისზე თავდასხმას. ჩვენს ხალხებს შორის ომის იდეაც კი მიუღებელია ჩვენთვის“, – აცხადებს ზაიცევი და დასძენს, რომ უკრაინის შიდა საქმეებში არა ისინი, არამედ NATO ერევა.
„ვიმედოვნებთ, NATO-ს წევრი ქვეყნები შეწყვეტენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას. თავს შეიკავებენ ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან, რაც საშუალებას მისცემს უკრაინულ პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავიანთი უთანხმოებები პირდაპირი დიალოგის გზით თავად გადაჭრან.
ზაიცევის მტკიცებით, გასულმა კვირამ გამოაჩინა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი ხელოვნურია და სხვა ქვეყნების ჩარევა რომ არა, ის დიდი ხნის წინ გადაწყდებოდა.
„ვიმედოვნებთ, ნორმანდიის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც ბერლინში ორ კვირაშია დაგეგმილი, ჩვენ ვიპოვით იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებს, რომელიც ბოლო შვიდი წელია გროვდება. ასევე, დაიძვრება დონბასის სტატუსის საკითხიც“, – განაცხადა ალექსეი ზაიცევმა.
ჯერჯერობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება დაძაბული რჩება. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან ასი ათასზე მეტი სამხედრო, სარაკეტო შეიარაღება, მძიმე ტექნიკა და არტილერია გადაისროლა. თებერვალში დაგეგმილი წვრთნის მომიზეზებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები შედიან მოსკოვის მოკავშირე ბელარუსშიც, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება.
კრემლს სამხედრო აგრესიის თავის შეკავებისკენ არაერთხელ მოუწოდეს დასავლეთში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში რუსეთს დამანგრეველი ეკონომიკური სანქციები ემუქრება.
უკრაინამ კი ბოლო კვირების განმავლობაში სამხედრო დახმარება მიიღო დიდი ბრიტანეთისგან, აშშ-ისა და ბალტიის ქვეყნებისგან. NATO-მ კი ალიანსის აღმოსავლეთ ქვეყნებში თავისი წარმომადგენლობის ზრდა დაიწყო. The New York Times-ის ცნობით, ვაშინგტონი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით რამდენიმე ათასი სამხედროს გადასროლასაც განიხილავს.
გუშინ შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ რუსეთს წაყენებულ მოთხოვნებზე, რომ შეწყდეს ალიანსის გაფართოება და მოკავშირეებმა აღმოსავლეთ ქვყენებიდან გაიყვანონ შეტევითი შეიარაღება, წერილობით უპასუხეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად წერილობითი პასუხი საჯარო არაა, ცნობილი გახდა, რომ არ შესრულდება რუსეთის ორი მთავარი მოთხოვნა – უარი ეთქვას საქართველოსა და უკრაინას NATO-ში მიღებაზე და გავიდეს ალიანსის შეიარაღებული ძალები მისი აღმოსავლეთ ქვეყნებიდან.
ამ ორი მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, დასავლეთმა რუსეთს შესთავაზა ურთიერთდათმობა და თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხში, მათ შორის, სამხედრო წვრთნის შემცირებასა და შეაირაღების კონტროლში.
წერილობითი პასუხების გაგზავნის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათ ასევე მოსთხოვეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე იმყოფებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ რუსეთს ახლა შეუძლია აირჩიოს დიპლომატიური გზა, ან შეიჭრას უკრაინაში, რასაც მისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.
რუსეთმა მოთხოვნების წამოყენება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი სამხედროს თავმოყრის პარალელურად. მოსკოვი მოითხოვს, რომ დასავლეთისგან წერილობით გარანტიები მიიღოს აღმოსავლეთით მისი გაფართოების შეწყვეტაზე, ხოლო ვარშავის პაქტის ყოფილი ქვეყნებიდან გავიდნენ მოკავშირეთა სამხედრო ძალები.
რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე რამდენჯერმე გაიმართა მოლაპარაკება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. რუსეთის წარმომადგენლები შეხვდნენ NATO-სა და ეუთოს წარმომადგენლებსაც.