უკრაინელ აბიტურიენტებს საქართველოში უმაღლესში სწავლის გაგრძელება უგამოცდოდ შეეძლებათ

პუბლიკა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო.

გამოცდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის საგამოცდო სივრცეში ჩატარდა. გამოცდა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მათემატიკის, ისტორიისა და უკრაინული ენის საკითხებს მოიცავდა. ტესტირებაში მონაწილეობა 64-მა უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო.

“უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.