გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე საზოგადოებას, ბიზნესს მოუწოდა, რომ დაეხმარონ ქუჩაში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ დღეს უკრაინელები გამოაგდო სასტუმროებიდან და სახლებიდან, რადგან დასრულდა რამდენიმეთვიანი პროგრამა, რითაც უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლოთ, ეცხოვრათ და ეკვებათ.

„დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში. ეს არის მტრული ნაბიჯი და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას, მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია და სამწუხაროდ, რესურსი ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების ამოწურულია. თუ ეს ასე არ არის, მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ მე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ სირცხვილი მოწმინდონ ჩვენ ქვეყანას, გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს“, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, თბილისიდან ქობულეთიდან და გონიოდან ათეულობით ოჯახი უკვე გამოსახლებულია და ისინი ითხოვენ დახმარებას. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის 12 საათის მონაცემები და დღის ბოლომდე სრული სურათი გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება. როგორც ის ამბობს, 1000-მდე უკრაინის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველო, ქვეყანაში კი დარჩენილია, დაახლოებით, ამდენივე.

ხოშტარიას თქმით, უკრაინელების დასახმარებლად თითოეული თეთრი, თუ საკვები მნიშვნელოვანია.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ არც ერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ“, – განაცხადა მან.


დღეს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. თბილისის მერიის ცნობით, მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.