უკრაინელებმა სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევის ფორმირება დაიწყეს - CNN

პუბლიკა

CNN ამერიკელ და უკრაინელ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევის ფორმირება დაიწყო.

CNN-ის მიხედვით, ოპერაციების ფორმირება მიღებული სამხედრო პრაქტიკაა, რაც შეტევის წინმსწრებ ფაზას აღნიშნავს. ამერიკელი ოფიციალური პირები გამოცემასთან ამბობენ, რომ უკრაინული კონტრშეტევა სახმელეთო ძალებთან ერთად ავიაციის ჩართულობითაც წარიმართება.

სამხრეთით რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის სამხედრო მოქმედებების დაწყებას ადასტურებს CNN-თან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელიც.

„დიახ, სამხრეთის ფრონზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყო მოქმედებები არაერთი მიმართულებით, რისი მიზანიც ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა“, – ამბობს უკრაინის სამხრეთ სარდლობის პერსსპიკერი ნატალია ჰუმენიუკი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს უკრაინელებმა არაერთ ადგილას შეუტიეს რუსულ პოზიციებს ხერსონის ოლქში და მათი თავდაცვის პირველი ხაზიც გაარღვიეს. ასევე უკრაინული მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებისგან უკვე გათავისუფლდა სოფელი სუხი სტავოკი.