დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შესახებ მორიგ განახლებას აქვეყნებს.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ქვეყნის სამხრეთით უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსული არმიის წინააღმდეგ ორშაბათს დაწყებულ კონტრშეტევას. უკრაინელებმა ისარგებლეს რუსეთის ძალების სუსტი თავდაცვით და ზოგიერთ მონაკვეთზე ფრონტის ხაზის გარკვეული მანძილით გადაწევა შეძლეს.
ბრიტანული დაზვერვის მიხედვით, რუსეთი, დიდი ალბათობით, მისი დაცვის ხაზში არსებული გარღვევების წინასწარ მობილიზებული რეზერვით შევსებას შეეცდება. რაც აღმოსავლეთ ფრონტიდან ძალების გადასროლასაც გულისხმობს.
„რუსეთი აგრძელებს ახალი ძალების შეკრების მცდელობას. 24 აგვისტოს მესამე არმიის კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა დატოვეს თავიანთი ბაზა მოსკოვის მახლობლად. სავარაუდოდ, ისინი უკრაინაში მიჰყავთ.
ამ შენაერთების ოპერაციული ეფექტიანობა უცნობია. მესამე არმიის კორპუსი, დიდი ალბათობით, პერსონალის სიმცირეს განიცდის და ამ ჯარისკაცებსაც მხოლოდ მცირე წვრთნა აქვთ გავლილი“, – აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.