უკრაინელი აქტივისტი: ლგბტ+ ადამიანები დღეს ყველგან არიან - ჯარში, მოხალისეებად

პუბლიკა

დღეს, 30 ივნისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს აქტივისტებმა მოლდოვიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინელი აქტივისტი, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაცია Insight-ის წარმომადგენელი, ოლენა შევჩენკო. მან ისაუბრა უკრაინაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების იმ პრობლემებზე, რომლებიც რუსეთის შეჭრის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდა.

მისი თქმით, ომის პირველივე დღეებიდან ლგბტქი თემის წევრები მონაწილეობენ როგორც სამხედრო, ასევე მოხალისეობრივ საქმიანობაში.

„ომის პირველივე დღეებიდან ლგბტქი თემის უზარმაზარი მობილიზება ვიხილეთ, ადამიანები ცდილობდნენ, სხვადასხვანაირად გაეწიათ წინააღმდეგობა აგრესორისთვის. ასე რომ, ლგბტქი ადამიანები ახლა ყველგან არიან: ჯარში, მოხალისეებად, ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი თანხა შეაგროვონ არა მხოლოდ სამხედროების დასახმარებლად, არამედ მათთვის, ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია – დაბომბვების ქვეშ, ოკუპაციაში, და იმ ადამიანებისთვის, ვისაც არანაირი წვდომა არ აქვთ რესურსებზე. ძალიან ბევრ ლგბტქი აქტივისტს ვხედავთ, რომლებიც ახლა მოხალისეები არიან უკრაინის სხვადასხვა მხარეში, ამიტომაც შეგვიძლია ახლა ვილაპარაკოთ ყველაზე დიდ ხილვადობაზე, რაც აქამდე ყოფილა, ლგბტქი ადამიანების რეპრეზენტაციაზე უკრაინის მთლიან სურათში“, – განაცხადა შევჩენკომ.

მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ თავი მარტო იგრძნო, რადგან ომის გამო ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ინსტიტუციამ ქვეყანა დატოვა. თუმცა მისივე თქმით, ომის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა.

„ასეთ დროს მივხვდი, რომ რამე უნდა მოიფიქრო, მხოლოდ საკუთარი თავი კი არ უნდა დაიცვა, არამედ უნდა გამოიგონო ახალი სისტემა სხვების მხარდასაჭერად ამ უზარმაზარ კრიზისში, როდესაც არაფერზე გაქვს წვდომა – არც ტრანსპორტზე, არც კონტაქტებზე, არც საერთაშორისო დონორებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც როგორღაც ცდილობდნენ შენს მხარდაჭერას. ეს არის ომის პირველი კვირების რეალობა და, რა თქმა უნდა, შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, რადგან ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დაგვეკონტაქტა, გამოგვკითხეს, გვქონდა თუ არა უსაფრთხოების გეგმა, ან გრძელვადიანი ხედვა – როგორ ვაპირებდით განვითარებას ომის შემდგომ.

მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ომი არ დასრულებულა და ჩვენ კვლავ ომის ვითარებაში ვცხოვრობთ. ბევრი ადამიანი ომის მსხვერპლად იქცა, სხვებს კი არ აქვთ წვდომა საკვებზე, ჯანდაცვაზე. ვხვდებით, რომ ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, უკრაინაში ესეც გაუარესდება, რადგან ადამიანებს პირადი სახსრები ეწურებათ. ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა უკრაინა, მათ შორის ლგბტქი ადამიანებმაც, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ლგბტქი ადამიანების მთავარი შიში გახლავთ რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება. რადგან ჩვენ ყველამ ვიცით ისტორიები, ჯერ კიდევ 2014 წლის დაწყებიდან, შემდეგ დონბასსა და ყირიმში ძალიან ბევრი ლგბტქი ადამიანი აწამა რუსულმა რეჟიმმა. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციაზე ჩვენ გვაქვს წვდომა. ამიტომაც სცადა ძალიან ბევრმა ადამიანმა უკრაინის დატოვება, განსაკუთრებით ლგბტქი ოჯახებმა, რომლებსაც შვილები ჰყავთ. მათ მომავალი აშინებთ. ამ ომმა პროპორციული გავლენა იქონია ყველზე მოწყვლად ჯგუფებზე“, – განაცხადა აქტივისტმა კონფერენციაზე.

ოლენა შევჩენკომ შეკითხვაზე – სად იმყოფება ახლა და რა ზომების იღებს საზოგადოების მხარდასაჭერად – უპასუხა, რომ თავდაპირველად კიევში იმყოფებოდა, თუმცა გართულებული ლოჯისიკის გამო მოგვიანებით დასავლეთ უკრაინაში გადასვლა მოუწიათ.

„ჩვენ კვლავ უკრაინაში ვართ და ორგანიზებას ვუწევთ მხარდაჭერას ლგბტქი თემისთვის, ასევე ქალებისა და ბავშვებისთვის, რადგანაც ჩვენ აგრეთვე ვართ ფემინისტური ორგანიზაცია. ჩვენ ადამიანებს მრავალგვარ დახმარებას ვთავაზობთ, 2 თავშესაფარს, სადაც ადამიანები დროებით რჩებიან, შემდეგ კი საზღვრამდე მიგვყავს და ვაკავშირებთ პარტნიორ ორგანიზაციებთან სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ისინი უსაფრთხო ადგილის პოვნაში დაეხმარონ. ჩვენ ასევე ვუწევთ ჰუმანიტარულ დახმარებას – მისამართებზე ვაგზავნით ბავშვებისთვის საჭირო ნივთებს, ვაგზავნით დახმარებას სოფლებში მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც საკვების შესაძენი თანხაც აღარ აქვთ, ვაგზავნით სხვადასხვა სახის ფუთებს.უკვე 10 ათასზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ. ასევე ვაწვდით Airbnb-ის ვაუჩერებს, რათა ევროპის სხვადასხვა წერტილში შეძლონ თავის შეფარება, ვუწევთ ფსიქოლოგიურ დახმარებას 24/7-ზე როგორც ლგბტქი ადამიანებს, ქალებსა და ბავშვებს, ასევე შშმ პირებს, ხანდაზმულებს“, – განაცხადა უკრაინელმა აქტივისტმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია, რომელშიც თავად მუშაობს, ცდილობს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გენდერული ნიშნით ძალადობაზე, „რადგან მერწმუნეთ, აქ, ომში ოჯახში ძალადობის შემთხვევები თვალსაჩინოდ მატულობს“.

კითხვაზე – რას ეტყოდა საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რა უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად – შევჩენკომ უპასუხა:

„თქვენ უკვე გვიჭერთ მხარს და ამას ვგრძნობთ. ყველა ქვეყანამ, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის გავლენის ქვეშ არიან, ვიცით, ეს რა გრძნობაა და ვიცი საქართველოს მდგომარეობის შესახებ. რამდენიმე წლის წინ 5-დღიანი ომი იყო. ვიცი, რომ მაშინ თითქმის არავინ დაგიჭირათ მხარი, და ახლა უკრაიანას ესმის, ეს რამდენად მტკივნეული იქნებოდა. ეს სოლიდარობა, რომელიც უკვე გვაჩვენეთ, საკმარისია, მაგრამ ვფიქრობ სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ერთობა შეინარჩუნონ, რათა გადავრჩეთ, რადგან, მერწმუნეთ, ეს არ არის ის, რაც მალე დასრულდება. ეს ერთბაშად არ შეჩერდება. ეს იქნება გრძელვადიანი სტრატეგია. გვჭირდება ერთად ყოფნა, რომ გადავურჩეთ ამ რეჟიმს, რათა ერთად ავაშენოთ რაღაც ახალი, რაც ჩვენსავე ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული – ჰუმანურობასა და ადამიანის უფლებებზე“, – განაცხადა შევჩენკომ.