უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის თქმით, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

„ერთი საათის წინ ჩავფრინდი თბილისში და ამ დრომდე ველოდებოდი საპასპორტო კონტროლის გავლას. ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ მე არ მეძლევა საქართველოში შემოსვლის უფლება. მიზეზები არ განუმარტავთ.

ამას ცალსახად ვუკავშირებ ჩემი მოგზაურობის მიზანს, რომ მომენახულებინა მიხეილ სააკაშვილი ციხეში, რისი ორგანიზებაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა.

რაც ხდება, ეს არის საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი. მე უკან მივფრინავ იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩამოვფრინდი“, – წერს ჟურნალისტი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს დმიტრი გორდონის ცოლიც, ალესია ბაცმანიც, რომელიც ასევე ჟურნალისტია.

ხოლო გუშინ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენ გრუშოვეცმა განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

„მე არ შემიშვეს საქართველოში თბილისი აეროპორტში. მიზეზიც კი არ ამიხსნეს. ჩამომართვეს პასპორტი, (სტიუარდესების თქმით) გადასცეს ის ეკიპაჟის ხელმძღვანელს. მე განვუმარტე, რომ ჩამოვედი მ. სააკაშვილთან. თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში. პ.ს. სტიუარდესა „დეპორტირებულ მგზავრს“ მიწოდებს, პ.ს. ახლა პასპორტის გარეშე ვბრუნდები კიევში“, – წერდა ჟურნალისტი Facebook-ზე.