უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მიიღო უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ ცნობა. ვიქტორია როშჩინა, ამ თვეში 28 წლის გახდებოდა.
„მაქვს რუსული მხარის ოფიციალური დოკუმენტური დადასტურება უკრაინელი ჟურნალისტის ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ, რომელსაც რუსეთმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ვიქტორიას ოჯახს და მეგობრებს“, – დაწერა ლუბინეცმა „ტელეგრამის“ არხზე.
ომბუდსმენის ცნობით, ჟურნალისტი 2023 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუჩინარდა. ის აღმოსავლეთ უკრაინაში რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავიდა. 2024 წლის მაისში რუსეთმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტი დააკავეს და ის რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ლუბინეცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც.
მისი დაკავების გარემოებები არ გახმაურებულა და გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ ციხეში ჰყავდათ ჟურნალისტი. უკრაინის სამხედრო ტყვეების საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნაადრევია საუბარი გარდაცვალების გარემოებებზე და რომ მუშაობენ მათ დასადგენად.