უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკს ტოვებენ

პუბლიკა

ლუჰანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰეი გაიდაის თქმით, უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკიდან გამოდიან. უკრაინა ბოლო დღეებში ქალაქის მხოლოდ ინდუსტრიულ რაიონს აკონტროლებდა, სევეროდონეცკის დიდ ნაწილსა და მის გარშემო დასახლებების აღება კი რუსებმა შეძლეს.

გაიდაის თქმით, უკრაინელები კვლავ ინარჩუნებდნენ პოზიციებს ინდუსტრიულ ნაწილში, მაგრამ სევეროდონეცკში შენობების 90% რუსების შემოტევების შემდეგ განადგურდა, რამაც თავდაცვითი ზღუდეებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოწყობა შეუძლებელი გახადა.

ამიტომ გაიდაის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მიიღეს ბრძანება, რომ გადაჯგუფდნენ ახალ გამაგრებულ პოზიციებზე.

„ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ბიჭები… არავინ მიატოვებს მათ, არ დავუშვებთ მათ ალყაში მოქცევას“, – თქვა გაიდაიმ.

ლუჰანსკის ოლქში მდებარე სევეროდონეცკის აღებას რუსული არმია ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ ცდილობს. ქალაქისთვის ბრძოლა თითქმის ორი თვე მიმდინარეობდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო პერიოდში ფრონტის სხვა პოზიციებზე შეტევის ტემპი მნიშვნელოვნად შეანელა, ზოგ ადგილას შეაჩერა კიდეც და მთავარი აქცენტი სწორედ სევეროდონეცკის აღებისკენ მიმართა.