„უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის ოლქში შეჭრა სცადეს" — რუსული მხარე

პუბლიკა

„უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს”, – ამის შესახებ იუწყება კურსკის ოლქის რეგიონის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გუშინ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მასობრივი თავდასხმა სცადეს.

„გლუშკოვსკის რაიონის ტეტკინოს დასახლება დილიდან იბომბება. იყო გარღვევის მცდელობა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მხრიდან, იყო სროლა, მაგრამ შეჭრა არ მომხდარა“, – განაცხადა რომან სტაროვოიტმა.

ლეგიონებმა „свобода россия” (რუსეთის თავისუფლება), РДК (რუსეთის მოხალისეთა კორპუსი) და „ციმბირის ბატალიონი” იტყობინებიან, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვარი გადალახეს და ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შევიდნენ. ეს ჯგუფები უკრაინის მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

„როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ლეგიონშიც ვოცნებობთ პუტინის დიქტატურისგან გათავისუფლებულ რუსეთზე. მაგრამ ჩვენ უბრალოდ კი არ ვოცნებობთ: ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ამ ოცნებების ასასრულებლად”, – ნათქვამია ლეგიონის განცხადებაში, რომელიც „ტელეგრმაზე” გამოქვეყნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 მარტის ღამეს რუსეთის 7 ოლქში 25 უკრაინული დრონი მოიგერიეს.

როგორც სამთავრობო მედია ამტკიცებს, ორი დრონი ჩამოაგდეს მოსკოვის, ერთი – ლენინგრადის, 7 – ბელგოროდის, 11 – კურსკის, ერთი – ბრიანსკის, ერთი – ტულის, ხოლო 2 – ორიოლის ოლქების ტერიტორიებზე.

Meduza რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით შეტევის შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში საწვავისა და ენერგეტიკულ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, ხანძარი იყო ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც – მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.