უკრაინელთა 84% მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას ეწინააღმდეგება - KIIS-ის კვლევა

პუბლიკა

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) კვლევით, უკრაინელთა 84% ეწინააღმდეგება რუსეთთან ზავის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას. გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა თქვა, რომ თანახმაა მშვიდობის სანაცვლოდ ქვეყანამ ტერიტორიები დათმოს. 6%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა. მაისში იმავე კითხვაზე გამოკითხულთა 82% იყო დათმობების წინააღმდეგი.

კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინის სამხრეთში და აღმოსავლეთშიც, სადაც მოსახლეობა ომით ყველაზე მეტად დაზარალდა.

სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიხედვით, უკრაინის აღმოსავლეთში გამოკითხულთა 77% ეწინააღმდეგება ტერიტორიების დათმობას ომის დასრულების სანაცვლოდ და მხოლოდ 16% უჭერს მხარს. მაისში მოწინააღმდეგეთა წილი 68% იყო.

სამხრეთ რეგიონებში კი ტერიტორიების დათმობას 82% ეწინააღმდეგება და მხოლოდ 10% ეთანხმება.

ტერიტორიების დათმობას ეწინააღმდეგება გამოკითხულთა უმრავლესობა რუსულენოვან უკრაინელებს და უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურად რუსებს შორისაც.

უკრაინულენოვან უკრაინელებს შორის ტერიტორიების დათმობას, 88% ეწინააღმდეგება და 8% უჭერს მხარს; რუსულენოვან უკრაინელებს შორის წინააღმდეგია – 76%, მხარდამჭერი – 14%; ხოლო უკრაინაში მცხოვრებ რუსებს შორის ტერიტორიების დათმობას 68% ეწინააღმდეგება და 19% ეთანხმება.


კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიხედვით, 6-20 ივლისს ჩატარებული კვლევის ფარგლებში 2000 რესპონდენტი სატელეფონო გამოკითხვით და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა.

კვლევა ჩატარდა მთელ ქვეყანაში, 24 თებერვლამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. 95%-იანი ნდობის ინტერვალით, სავარაუდო ცდომილება 2.4%-ს არ აღემატება.