უკრაინიდან ბათუმის პორტში შემოსული 110 310 კგ სიმინდი უკან გაბრუნდება - შემოსავლების სამსახური

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის საბაჟო გამშვებ პუნქტში, „ბათუმის პორტში“ უკრაინის რესპუბლიკიდან 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინერი შემოვიდა, რომელზეც წარმოდგენილი არ იყო საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთი უკან გაბრუნებას ექვემდებარება.

„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.