უკრაინიდან თუ მივიღებთ უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც, პაპუაშვილი მზადაა წავიდეს უკრაინაში - მდინარაძე

პუბლიკა

„უკრაინიდან თუ მივიღებთ შეურაცხყოფაზე პასუხს და უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც, პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, მისი განცხადებიდანაც ჩანდა ეს პათოსი, დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში“, – მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, რა შემთხვევაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში.

მდინარაძე ამბობს, რომ ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია პასუხები და განმარტებები უკრაინისგან ბოლო პერიოდში საქართველოს მისამართით გაკეთებულ „გადაუმოწმებელ და უაპელაციო“  ბრალდებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინული მხარის პასუხებზე იქნება დამოკიდებული, გაემგზავრება თუ არა შალვა პაპუაშვილი უკრაინაში.

„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, ეს დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილში, რომელშიც მოტანილ არცერთ საკითხთან, კითხვასთან თუ მოთხოვნასთან დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია. ასევე დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან, რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ სიტუაციაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ოკუპანტ ქვეყანასთან; რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია; რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. დღეს ვნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოს ოდენობის დახმარება არავის გაუწევია, მაგრამ ეს პირობითად მეორეხარისხოვან თემად ჩავთვალოთ, რადგან საქართველო ყველა საერთაშორისო ასპარეზზე უპრეცედენტო, შეძლების მაქსიმუმის ზღვარზე უწევს მხარდაჭერას უკრაინას და ამ ყველაფრის ფონზე, რატომ განხორციელდა ის დემარში, რაც განხორციელდა, პასუხი არ მიგვიღია. ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მას არ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ პაპუაშვილის წერილის პათოსიდანაც ჩანს, რომ ის მზად არის ქართულ დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში, მაგრამ მისი განმარტებით ვიზიტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პასუხებსა და განმარტებებს მიიღებენ უკრაინის მხრიდან.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის და მისი განცხადებიდან ეს ვნახეთ. ჩანდა, მისი პათოსიდან, რომ ამ დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში არანაირი პრობლემა არ არის. იზოლაციის დღეებიც 3 დღეში დასრულდება და არანაირი პრობლემა არ აქვს მას წასვლაზე, არც არასდროს ჰქონია, მიუხედავად იმ ბინძური სპეკულაციებისა, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ. აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე და ამაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც, ამ შემთხვევაში [უმრავლესობისა და ოპოზიციის] გამიჯვნა არ მოხდება“, – ამბობს მდინარაძე.