უკრაინის მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“ ფიზიკურად შეუშალა ხელი და დაბლოკა კენჭისყრა რადაში, რომლის საფუძველზეც 2 მინისტრი უნდა გადაეყენებინათ. ოპოზიცია მთელი მთავრობის გადადგომას მოითხოვს.
გუშინ, 18 ნოემბერს უკრაინის პარლამენტს ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრის, სვიტლანა ჰრინჩუკისა და მისი წინამორბედის, გერმან გალუშჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრა უნდა ჩაეტარებინა. გალუშჩენკო იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ის დღეს, 19 ნოემბერს გადააყენეს.
პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მთელი კაბინეტის დათხოვნას შეეცდება. თუმცა, ამ ინიციატივას რადაში ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს.
საქმე ეხება უმსხვილეს კორუფციულ სკანდალს.
10 ნოემბერს უკრაინის ანტიკორიფციულმა ბიურომ, იგივე „ნაბუმ” გამოავლინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებული ზოგიერთი ადამიანი ჩართული იყო სქემაში, რომელმაც უკრაინის ენერგოსექტორს 100 მილიონი აშშ დოლარის ზიანი მიაყენა.
ინფორმაცია გავრცელდა იმ ფონზე, როცა უკრაინაში რუსული დაბომბვების შედეგად ელექტროენერგია გაითიშა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დრონებისა და რაკეტებისგან დასაცავად ათობით მილიონი ევრო დახარჯა.
უკრაინულმა „ნაბუმ” და უკრაინის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ კორუფციაში ჩართული იყო კრიმინალური ჯგუფი, რომელშიც ენერგეტიკის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, ცნობილი ბიზნესმენები, მინისტრები და ყოფილი ვიცე-პრემიერი შედის. კორუფციის გამოვლენის ოპერაცია, სახელწოდებით „მიდასი“ 15 თვის განმავლობაში გაგრძელდა. საქმეში ჩართული 7 პირიდან 5 დაკავებულია.
„ნაბუს“ ცნობით, კრიმინალურ ჯგუფს ბრალად ედება უკრაინის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია „ენერგოატომში“ კონტრაქტებით მანიპულირება. „ენერგოატომის“ 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს.
ბრალდების თანახმად, კრიმინალური ჯგუფი აკონტროლებდა ენერგეტიკულ სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებს და თითო კონტრაქტის თანხის 10-დან 15%-მდე თანხას ისაკუთრებდა. ტენდერს ვერ მოიგებდა კომპანია, რომელიც არ დათანხმდებოდა კრიმინალური ჯგუფისთვის აღნიშნული წილის გადახდას. შედეგად, მათ გაათეთრეს 100 მილიონი აშშ დოლარი.
საქმეში ჩართული ერთ-ერთი პირი არის ბიზნესმენი ტიმურ მიდნიჩი, ზელენსკის ახლო მოკავშირე და წლების წინ მასთან ერთად „კვარტალ 95“-ის შემქმნელი.
საქმეში ასევე ჩართულია ყოფილი მინისტრი გერმან გალუშჩენკო. მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. თუმცა, ითვლება, რომ მიდნიჩი მასზე გავლენას ახდენდა.
უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ზელენსკის ახლო მოკავშირე ალექსეი ჩერნიშოვი „ნაბუს“ ჩანაწერებში კოდური სახელით „ჩე გევარაა“ მოხსენიებული. „ნაბუს“ თანახმად, მან ფულის გათეთრების სქემის მეშვეობით დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი და თითქმის 100 000 ევრო მიიღო.
კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც დასახელდა, არის იჰორ მირონიუკი, გალუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი და სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი მოადგილე.
ასევე დასახელდა „ენერგოატომის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დმიტრი ბასოვი, რომელიც ჩანაწერებში „ტენორის“ სახელით არის მოხსენიებული.
მინდიჩს ჩანაწერებში „კარლსონად“ მოიხსენიებენ.
აღსანიშნავია, რომ კრიმინალურმა ჯგუფმა იცოდა, რომ „ნაბუ“ მათ უთვალთვალებდა. სწორედ ამის გამო იყენებდნენ ისინი მეტსახელებს და კოდურ სიტყვებს.
მიმდინარე გამოძიება სახელმწიფო ატომურ ენერგოკომპანია „ენერგოატომზეა“ ფოკუსირებული.
თუმცა, მიმდინარეობს კიდევ ერთი გამოძიება, რომელიც სამხედრო შესყიდვების შეუსაბამო კონტრაქტებს ეხება და უახლოეს დღეებში მოსალოდნელია „ნაბუს“ რეიდები თავდაცვის სამინისტროში.
ბრალდების თანახმად, ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და უკრაინის სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ამჟამინდელ მდივან რუსტემ უმეროვზე ზეწოლა მოახდინეს, რათა დათანხმებოდა იაფად წარმოებული ჩინური ტყვიაგაუმტარი ჟილეტების გაბერილ ფასად შეძენას. სახელმწიფომ ჟილეტები შეამოწმა და დაბალი ხარისხის გამო ჟილეტების ფასი არ გადაიხადა. სახელმწიფომ უმეროვს ბრალი არ წარუდგინა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
უმეროვმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღიარა, რომ მინდიჩს შეხვდა ჯავშანჟილეტების კონტრაქტის განსახილველად, თუმცა კონტრაქტი შეწყდა იმის გამო, რომ პროდუქტი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, არცერთი ნივთის მიწოდება არ მომხდარა და მან უარყო რაიმე ზეწოლა.
„ნაბუს“ თანახმად, სწორედ ტიმურ მინდიჩი არის ენერგეტიკის სექტორში კორუფციის სავარაუდო ლიდერი.
Politico წერს, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩეს, მინდიჩს გაუჩნდა ფინანსური ინტერესები არაერთ ინდუსტრიაში.
მინდიჩი უკრაინელი ოლიგარქის, იჰორ კოლომოისკის ბიზნესპარტნიორია. სწორედ კოლომოისკიმ დააფინანსა ზელენსკის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია.
კოლომოისკი 2023 წელს მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს და ახლაც ციხეშია.
„ნაბუს“ თანახმად, მინდიჩს ბრალდების შესახებ წინასწარ შეატყობინეს და მან ისრაელში გაქცევა მოასწრო. უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო ამჟამად იძიებს, ვინ აცნობა მას ამის შესახებ.