უკრაინის და რუსეთის დელეგაციები თურქეთში, სტამბოლში, დოლმაბახჩეს სასახლეში ერთმანეთს ხვდებიან.
ეს პირველად ხდება 2022 წლის შემდეგ.
Reuters-ის თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ მიესალმება „მშვიდობის შესაძლებლობის ფანჯრის გახსნას“.
მისივე განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება რაც შეიძლება მალე მოხდეს და შეიქმნას საფუძველი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შემდგომი შეხვედრებისთვის.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, რუსეთის მხრიდან შეხვედრას ვლადიმირ მედინსკი ესწრება.
მათივე თანახმად, მედინსკი შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელ მაიკლ ენტონის – აშშ-ის პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორს.
თურქეთში რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი წევრია იგორ კოსტიუკოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (გრუ-ს) ხელმძღვანელი. გრუ ბოლო წლებში მოსკოვის ყველაზე ცნობილი საიდუმლო ოპერაციის უკან იდგა. ასევე, შეხვედრაზე რუსეთს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი,
რუსეთმა მოლაპარაკებებზე არ გაგზავნა თავისი 2 ტოპ დიპლომატი: იური უშაკოვი და სერგეი ლავროვი. ორივე მათგანი მონაწილეობდა საუდის არაბეთში, აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში.
უკრაინის დელეგაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. უკრაინის დელეგაციაშია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ მალიუკი.
შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მხარეები ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ. BBC-ის თანახმად, მათ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.
შეხვედრის პარალელურად, უკრაინული მედია იუწყება, რომ უკრაინის ქალაქ დნიპროში აფეთქებები იყო.
Reuters-მა გაავრცელა ფოტო, რომელიც შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული დოლმაბახჩეს სასახლეში და ასახავს მარკო რუბიოს, უკრაინის და თურქეთის წამომადგენლებს.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც ასევე სტამბოლშია, შეხვდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელებს. მათ უკრაინისა და ირანის საკითხები განიხილეს.