უკრაინის განცხადებით, ჩერნობილის რეაქტორის საფარს რუსული დრონი მოხვდა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ღამით ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 რეაქტორის დამცავ ნაგებობას (სარკოფაგს) რუსული დრონი მოხვდა. მან X-ზე გაავრცელა ვიდეომასალაც.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის რადიაციის დონე არ გაზრდილა და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. პირველადი შეფასებებით, საფარი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული“, – დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ სახანძრო უსაფრთხოების პერსონალმა და სატრანსპორტო საშუალებებმა რეაგირება მოახდინეს ღამით მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში. სააგენტოს ცნობით, მსხვერპლი არ არის. IAEA ამბობს, რომ რადიაციის დონე ჩერნობილში და მის გარეთ რჩება ნორმის ფარგლებში და სტაბილური.

ზელენსკიმ დაწერა, რომ რუსეთი ყოველ ღამე მიმართავს ასეთ თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურასა და ქალაქებზე, ის აგრძელებს არმიის გაფართოებას, არ აჩვენებს არანაირ ცვლილებას მის „ანტიადამიანურ სახელმწიფო რიტორიკაში“. მისი განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ პუტინი არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის, არამედ ემზადება რომ მსოფლიოს მოტყუება გააგრძელოს.

მე-4 რექატორი ჩერნობილში 1986 წელს აფეთქდა, რამაც რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია მაშინდელი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ნაწილებში. მოგვიანებით ის ბეტონისა და ფოლადის სარკოფაგში ჩასვეს. სარკოფაგი საერთაშორისო კოალიციის მიერ იყო შექმნილი და მის აშენებას ათწლეულები დასჭირდა. ის საბოლოოდ დასრულდა 2017 წელს და იწონის 35000 ტონას.