„უკრაინის კრიზისზე პოლიტიკური შეთანხმების“ მიზნით ჩინეთი წარმომადგენელს აგზავნის

პუბლიკა

ჩინეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში გაგზავნის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევრაზიის საკითხებში, „რათა აწარმოოს სიღრმისეული კომუნიკაცია ყველა მხარესთან უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ შეთანხმებაზე“.

სააგენტოს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ეს გნაცხადება ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო კომუნიკაციისას გააკეთა.

დღეს, 26 აპრილს პირველი სატელეფონო კომუნიკაცია შედგა ოფიციალურ კიევსა და პეკინს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.

„მქონდა ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს მოწოდება, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეკინში ახალი ელჩი დანიშნა. უკრაინას ჩინეთში ელჩი 2021 წლის თებერვლის შემდეგ არ ჰყოლია.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV იტყობინება, რომ საუბრის დროს სი ძინპინმა ზელენსკის უთხრა, რომ მოლაპარაკებები იყო ერთადერთი გამოსავალი ომიდან, „უკრაინის კრიზისის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთი ყოველთვის იდგა მშვიდობის მხარეს და მისი ძირითადი პოზიციაა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობა“.