უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც აღმოჩნდნენ, მათ შორის, ივანიშილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრები.

ამასთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ სპეციალური განცხადება გაავრცელეს მედიისთვის.

„გავრცელდა ინფორმაცია რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად არის მოკლებული ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას“, – წერია უჩა მამაცაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციები დააწესა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეები, რუსეთში მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები არიან. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც.

სანქცირებულთა სიაში არის ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი და მისი ცოლი – ქეთევან ხარაიძე, ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და უჩა მამაცაშვილის შვილი – ტიტე მამაცაშვილი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთში მომუშავე სხვა ქართველი ბიზნესმენებიც – დავით იაკობაშვილი, ასევე ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

უკრაინის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები ამ პირებისთვის აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, სახელმწიფო ქონების იჯარით აღების შესაძლებლობის შეჩერებას, უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების ჩამორთმევას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას და სხვა ტიპის შეზღუდვებს მოიცავს.