„უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ - ევროკავშირის საბჭომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა

პუბლიკა

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა.

„ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს განახლებულ იმპულსს აძლევს შემდგომ პროგრესს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, – წერია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და ევროპის საბჭო გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ კანდიდატ ქვეყნებსა და პოტენციურ კანდიდატებს, „მიაღწიონ ხელშესახებ პროგრესს საერთო რეფორმების პროცესში, ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისკენ. ჩვენი ერთობლივი პროგრამები გაფართოებისა და სამეზობლო რეგიონებში გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში“.