უკრაინის მოქალაქეები სპორტულ, საგანმანათლებლო და სახელოვნებო სერვისებს უფასოდ მიიღებენ - მერია

პუბლიკა

თბილისის მუნიციპალიტეტი უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ზოგიერთ მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკების, ხელოვნების სკოლების მომსახურებით.

„მოგეხსენებათ, რომ გაიხსნა ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად, ასევე, ავამოქმედეთ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც გროვდება კვების არამალფუჭებადი პროდუქტები. უკრაინის იმ მოქალაქეებს კი, ვინც უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების გამო თბილისში იმყოფება, დამატებით ვთავაზობთ მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ა(ა)იპ-ის უფასო მომსახურებას, რათა ცოტათი მაინც შეძლონ განტვირთვა, სულიერი თუ ფიზიკური მხნეობის შენარჩუნება, მათ შვილებს არ შეექმნათ სოციალიზაციის პრობლემა და თანატოლების გვერდით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც გვთავაზობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ხელოვნების სკოლები და ა.შ. ამ შეთავაზების შესახებ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან თბილისის სასტუმროებში განთავსებულ უკრაინელ სტუმრებს“, – განაცხადა მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.

რომელი ცენტრები გაუწევენ მომსახურებას უკრაინელ სტუმრებს, გაეცანით ბმულზე.